„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები არ დაესწრებიან.
როგორც დღეს ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ასევე როცა აქციაზე დაკავებული პირები კვლავ არ არიან თავისუფალი, საკრებულოს რუტინული სხდომების გამართვა და მასზე ოპოზიციის დასწრება არალოგიკური და არასწორია.
„მეხუთე დღე, მიმდინარეობს უწყვეტი პროცესი, ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების, არაპარტიული ხალხის. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროცესი. ის, რაც მოხდა, ეს იყო პარლამენტის თავზე წამოსკუპება ოკუპანტის, გავრილოვის და ამას მოყოლებული სასტიკი გავრილოვის ღამე, სასტიკი დარბევა ადამიანებისა. ამ ვითარებაში, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების არის გახარიას გადადგომა, რომელიც შესრულებული არ არის, სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპყრობილეში, მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ჩვეულებრივი რუტინული სხდომების გამართვა და მით უმეტეს, მასზე ჩვენი დასწრება არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ფრაქცია ამ პროცესის სრული მონაწილეა.
„შესაბამისად. არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან“ რუტინულ თემებზე საუბარს და საკრებულოს სხდომებზე დასწრება არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“, – განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, საკრებულოს სხდომაზე დასწრებას არც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აპირებენ.
თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს 16.00 საათზეა დაგეგმილი.