„ევროპული საქართველოს“ წევრმა ცესკო-ს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ევროპული საქართვლოს“ წევრმა, დავით გურგენიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კონსულტაციები დაჩქარებული წესით წარიმართა. როგორც გურგენიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პრეზიდენტთან აუდიენციაში წამყვანი არასამთავრობოები არ მონაწილეობდნენ, რითაც, მისი განცხადებით, ზიანი მიადგა პროცესს.
ამასთან, მისივე თქმით, ის ვერ ხედავს აზრს სხდომაზე დასწრების, რადგან როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, გადაწყვეტილება ცესკო-ს თავმჯდომარის შესახებ უკვე მიღებულია. კენჭისყრაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგს კენჭი უყარეს, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.
ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ რვა ხმაა საჭირო.
კენჭისყრაში კომისიის ცხრა წევრი მონაწილეობს.
სხდომას არ ესწრება და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას თამარ ჟვანია. როგორც მან სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, მან სხდომის წაყვანასა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.