„ევროპული საქართველოს“ წევრი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ მის მეუღლეს საცურაო აუზზე თავს დაესხნენ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, მის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს სასტუმრო „რედისონის“ საცურაო აუზზე რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა.
როგორც იმედაშვილი მეუღლის მონაყოლის მიხედვით ამბობს, დისკუსია დაიწყო მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა ყვებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად ფოკაში, წმინდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა.
„ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყოს აფარებული პოლიტიკას,რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში“, – ამბობს ნინო იმედაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
ლაშა ბრეგვაძე ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება. იმედაშვილის ცნობით, ასევე დაკითხვაზეა სამიდან ორი პირი, რომელიც მისივე თქმით, მის მეუღლეს თავს დაესხა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ლაშა ბრეგვაძეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მას დაზიანებები სავარაუდოდ გასაღებით აქვს მიყენებული.