„ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს [ფოტო/ვიდეო]
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს, პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ.
ისინი ამ ფორმით სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას და მის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანას აპროტესტებენ.
დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მივიდნენ, საიდანაც დღეს გავრილოვი სესიას უძღვებოდა.
მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს. „ის აქ არ დაჯდება“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და გავრილოვს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. სესიაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და დარბაზში გავრილოვი არ იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა დაიკავა.
დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწდოებენ. მარშანიასა და ხოშტარიას შორის დაპირისპირებაც მოხდა.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გრძელდება. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვება.