„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში აქცია გამართეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში აქცია გამართეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში აქცია გამართეს და უსიამოვნო სუნი, რომელიც ქალაქში სავარაუდოდ საწარმოებიდან ვრცელდება, პერფორმანსით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთავის მერიის წინ გოგირდი დაწვეს და პარალელურად, ჰაერის გამწმენდი საშუალებები გაუშვეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ქალაქის მერი საკითხთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული და შესაბამის უწყებებთან ერთად, ჩართულია მონიტორინგის საკითხში, მიმდებარედ არსებული საწარმოების შემოწმების პროცესში. უკვე შემოწმდა სოკოს საწარმო. ამ ეტაპზე, სხვა ობიექტები მოწმდება და დასკვნა ერთ კვირაში იქნება ცნობილი.