„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა, სადაც სტიკერები - „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები“ გააკრეს
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათ ოფისთან სტიკერები წარწერით – „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები“ გააკრეს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა ამ ქმედების გამო დეპუტატის მანდატები დატოვონ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს ჰიმნის გაჟღერების გამო სიგელი გადასცეს, რომელიც ადგილზევე დაწვეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეიკრიბნენ სტუდენტები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებას აპროტესტებენ. მათივე თქმით, მსგავსი პერფორმანსები მათი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება.
„ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტში რუსული, საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას. ჩვენ ძალიან გული შეგვტკივა ყოველივე ამაზე და ვფიქრობთ, თავს იმით თუ იმართლებენ, რომ ეს იყო პერფორმანსი, პერფორმანსსაც აქვს თავისი ჩარჩოები. ეთიკის ყველანაირ ნორმებს ეწინააღმდეგება მათი ეს ქმედება. ჩემთვის ოპოზიცია უკვე დასამარდა ამ საქციელით და ამ ქმედებით“, – განაცხადა აქციის მონაწილე ნათია კონცელიძემ.