უკვე მეექვსე დღეა, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. მათ ოფისთან სტიკერები წარწერით „რუსული კიბერშეტევა=ხუმრობა?“, „არა ოკუპანტის ჰიმნს“ გააკრეს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა ამ ქმედების გამო დეპუტატის მანდატები დატოვონ. მათი განცხადებით, აქტივისტები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობასაც გეგმავენ.
ახალგაზრდების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
„მეექვსე დღეა, ვიკრიბებით. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დატოვონ ქალბატონმა ირმამ და ელენემ თავიანთი მანდატები. ჯერჯერობით ვაგრძელებთ ისევ მშვიდობიანად და ასევე, ვაპირებთ, მოვუწყოთ მათ სირცხვილის კორიდორები თავიანთ კაბინეტებთან, ოფისთან. პროტესტის მიზეზი არის ის, რომ მათ ერთგვარი პერფომანსის დროს ჩართეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი და მთელ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ლუკა სამუშიამ.