„ევროპული საქართველოს“ ლიდერები „რეფორმების გუნდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერებისა და ორგანიზაცია „რეფორმების გუნდის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
გუნდის წევრებმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საკუთარი ხედვა და ორგანიზაციის ღია წერილი გააცნეს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა კი, შეხვედრაზე პარტიის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრეს.
„რეფორმების გუნდის“ წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებსა და მისწრაფებებს ერგება.
„დღეს, კრიზისის შედეგად მივიღეთ ვითარება, რომელიც საქართველოში მცხოვრები ადამიანების, ოჯახების უდიდეს ნაწილს ლუკმა-პურის გარეშე ტოვებს. მთავრობის მიერ წარდგენილი უსამართლო ანტიკრიზისული გეგმა ერგება მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებსა და მისწრაფებებს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, პრაქტიკულად ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს და შიმშილისთვის წირავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს. დემოკრატიაც, ინსტიტუციებიც, რეფორმებიც, ინიციატივებიც, პირველ რიგში, სამართლიანობას, ადამიანის კეთილდღეობას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ისახავდეს მიზნად. დღეს, როდესაც შიმშილისგან ადამიანების დახსნა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა, ადამიანების ბედის ანაბარად მიტოვება არის მათზე ძალადობის ტოლფასი. ამ ძალადობის მონაწილე გავხდებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, საზოგადოებრივი ჯგუფი, თუ ამ გამოწვევის დასაძლევად არ გავერთიანდებით და გვერდზე გავდგებით.
კონკრეტული რიცხვები, სტატისტიკა მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც ადამიანები სასიკვდილოდ არიან განწირული: მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მხარდაჭერის გარეშე ტოვებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს (მინიმუმ 164 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს); მხარდაჭერის გარეშე ტოვებს 590 000 თვითდასაქმებულს, რომელთა შემოსავლების იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს და მათი ფინანსური მდგომარეობა კრიზისამდეც კი, რთული სათქმელი იყო, განსხვავდებოდა თუ არა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების მდგომარეობისგან; მხარდაჭერის გარეშე ტოვებს პენსიონერებს, რომელთა რაოდენობაც 760 000-ს შეადგენს; პროგრამა მხარდაჭერის გარეშე ტოვებს შშმ პირების და დევინილების დიდ ნაწილს, ასევე მხარდაჭერის გარეშე ტოვებს საშუალო შემოსავლიანი ოჯახების დიდ ნაწილს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ღია წერილში.
„რეფორმების გუნდი“ ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს სთავაზობს, გაერთიანდნენ სამი ძირითადი პრინციპის ირგვლივ – „მხარდაჭერის მიმღები ადამიანები განვსაზღვროთ ე.წ. „გამორიცხვის მეთოდით“ – დახმარება ყველას, გარდა საჯარო მოხელეებისა და ოჯახებისა, რომლებსაც წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი აქვთ; მხარდაჭერა განვახორციელოთ მხოლოდ ფულადი სახით; მხარდაჭერის პაკეტი განხორციელდეს ერთიანად (ან, მაქსიმუმ, ორ თვეზე გადანაწილებით).
მიგვაჩნია და გვჯერა, რომ მხოლოდ ამ სამი პრინციპის გათვალისწინებითაა შესაძლებელი სამართლიანად და ეფექტიანად გავანაწილოთ დახმარება ჩვენი ქვეყნის შიმშილისთვის განწირულ მოსახლეობაზე. მაგალითად, მთავრობის მიერ გამოყოფილი მილიარდ 35 მილიონი ლარი, ამ პრინციპებზე დაყრდნობით რომ გაგვენაწილებინა, კრიზისით დაზარალებულ თითოეულ ოჯახს, საშუალოდ, 930-ლარიან მხარდაჭერას შევთავაზებდით, რათა მათ ამ რთულ პერიოდში ოჯახის გამოკვება შეძლებოდათ“, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი, ერთიანი, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.