„ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს
პარტია „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია აღნიშნულზე უკვე მუშაობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს.
„ევროპულ საქართველოს“ აქვს საკუთარი წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს კანდიდატისთვის, ვისაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ვიცნობ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ჰქონდათ მომზადებული. აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან და უახლოეს პერიოდში, საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, კრიტერიუმებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა აისახოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა კახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველთანაც თანამშრომლობს, რომ საზოგადოებამ უკეთესი სასამართლო სისტემა მიიღოს.
„მაგალითად, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ობიექტური კრიტერიუმი“, – განაცხადა კახიძემ და აღნიშნა, რომ პარტიის წინადადებაში სხვა კრიტერიუმებზეც იქნება საუბარი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.