„ევროპული საქართველო“ თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქციას - „დაუპიპინე ბიძინას“ მართავს
„ევროპული საქართველო“ ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია – „დაუპიპინე ბიძინას“ იმართება.
ავტომობილების აქცია დილიდან დაიწყო საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და გურჯაანში. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქალაქში ავტომობილებით შეიკრიბნენ და სიგნალებით თბილისისკენ გამოემართნენ.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს თბილისშიც. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და სიგნალებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართნენ.
„დღეს არის აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დააორგანიზა „ევროპულმა საქართველომ“. ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი უბრალო მოქალაქე. ეს არის ავტოკოლონები საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის, თბილისში. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ და ასიგნალებენ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, იმ სიღარიბის, იმ ჭაობის მიმართ, რომელშიც ჩაგვფლო ივანიშვილმა, იმ ჩაფლავებული რეაქციის მიმართ, რომელიც ამ მთავრობას ჰქონდა, მათ შორის, კორონაეპიდემიასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი და გადავა ოპოზიციაში, მშვიდობიანად, არჩევნების გზით. ამ ხალხს, რომელიც აქ გამოდის და ასიგნალებს, ვერაფერი და ვერავინ შეაშინებს. ამაში ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.