პარტია „ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ბანერები მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხ მისამართზე: მელიქიშვილის, ბარნოვის, ჭონქაძისა და ასათიანის ქუჩებზე ჩამოხსნეს.
ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გამამყარებელი ნორმა არ არსებობს და მერიამ თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან უხეში დარღვევა კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის, რადგან არ არსებობს ნორმა,რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე,ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი,რომელიც არის ძირითადი ნორმატიული აქტი,რომელიც ამგვარ სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს,არ მიუთითებს,პირდაპირ არ კრძალავს ხეებსა და ხეებს შორის ან სვეტებსა და სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას,აქედან გამომდინარე ეს იყო თვითნებური მოქმედება მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნავს ბარამიძე.
ამასთან, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტულ ადგილებზე ბანერის მიკვრის უფლება არ ჰქონდათ.
„უკანონობას ჩვენ ვუპასუხებთ კანონიერებით, მათ არანაირი კანონიერი უფლება არ ქონდათ ბანერების გაკვრის და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოყვა რეაგირება. მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება. უკანონობა ქალაქში არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.