„ევროპული საქართველო“ შეწყალების პროცესში შესაძლო კორუფციული სქემის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარტიამ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც 4 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდნენ: პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე; დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე; მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და გამოიკვლიოს, მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შესაძლო არსებული კორუფციული სქემა, რის შედეგადაც ისეთი პირების შეწყალება მოხდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია; რა როლი მიუძღვის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში; არსებობს თუ არა დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან; არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.