„ევროპული საქართველო“ - საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება
„ევროპული საქართველო“ - საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება

საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება,  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ფოთში, მალთაყვაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პარტიის წევრთა განმარტებით „ხელშეკრულება ხალხთან“ არის ეკონომიკური პროგრამა, რომლის შესრულების ვალდებულებასაც „ევროპული საქართველო“ გამარჯვების შემთხვევაში იღებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, გადასახადების შემცირების შედეგად შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი, გაორმაგდება პენსიები და სოციალური შემწეობები.

„ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის თანახმად: ორი მილიარდი ლარით შემცირდება მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები; მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი გადასახადების ნაწილი; გაორმაგდება პენსიები; გაორმაგდება სოციალური დახმარებები; გაორმაგდება დევნილების დახმარებები; სურვილის შემთხვევაში, ადამიანები დაიბრუნებენ საპენსიო დანაზოგებს; ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები, მიწები, ტყეები და საძოვრები; სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები; გაფართოვდება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო; შემოღებული იქნება მოსამართლეების არჩევითობა; დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე გიგა ბოკერია.

პარტიის ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მოქალაქეს გადაეცემა.