„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შენარჩუნების მიზნით, ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებს არ გეგმავს
ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შენარჩუნებით მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებს ამ ეტაპზე არ გამართავს.
როგორც პირველ არხს ნადირაშვილმა განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი საპარლამენტო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დებატებისთვის დამატებითი დრო არსებობს.
„არის სხვა თემებიც, რის გამოც მნიშვნელოვანია, ეს სტატუსი გქონდეს, მაგრამ „ევროპული საქართველო“ ამ ეტაპზე არ აპირებს ამ სტატუსის შესანაჩუნებლად კონსულტაციების გამართვას. ასეთი კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ გვაქვს, რადგან რაც ახლა ხდება, ამ ყველაფერში ჩვენი სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული ღრმა კრიზისი და კონფლიქტი. უმცირესობის გარეშე, სამი ფრაქციით ამ კრიზისის მაქსიმალურად გაღრმავებას შევუწყობთ ხელს. მიზანში, რომ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაცილოთ, სტატუსი ხელს არ შეგვიშლის“, – აცხადებს ნადირაშვილი.
კითხვაზე, არსებობს თუ არა პოლიტიკური უხერხულობა, საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნების მიზნით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართონ კონსულტაციები, ნადირაშვილი პასუხობს, რომ თავის დროზე, ამ პარტიის გაყოფა შემთხვევითი ყოფილა.
„აქ იყო შეხედულებების განსხვავება სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით. ეს ორი პოლიტიკური ძალა თავისი იდენტობით ცალცალკეა. იმისთვის, რომ ფრაქცია უმცირესობაში შემოვიდეს, ზუსტად ისეთივე მექანიკური ცვლილება უნდა გავაკეთოთ, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ჟორჟოლიანსა და წიკლაურს ხელი მოკიდეს და „პატრიოტთა ალიანში“ ჩასვეს. ასეთი ხელოვნურობის მომხრე არ ვართ. არ ვამბობ, რომ გამორიცხულია და არაფრით არ მოხდება. ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რადგან ეს იქნებოდა ხელოვნური გაერთიანება. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას წინ სერიოზული კონსულტაციები უნდა უსწრებდეს. ირმა ინაშვილის ფრაქცია ჟორჟოლიანითა და წიკლაურით შეივსო, რაც იმას ადასტურებს, რომ არანაირი ცალკე ინაშვილი და ცალკე „პატრიოტთა ალიანსი“ არ არსებობს. ეს ნაბიჯი იმისთვის იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ფრაქცია არ დაკარგოს. დეპუტატებს ხელი მოკიდეს და მის ფრაქციაში გადასვეს, რაც სამარცხვინოა“, – დასძინა ნადირაშვილმა.
დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ აპირებენ გაწევრიანებას. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს კარგავს, რადგან საპარლამენტო უმცირესობის მიღმა უფრო მეტი დეპუტატია. ამ დროისთვის, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექვსი კანონმდებელი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსში“ კი, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გადასვლის შემდეგ, უკვე შვიდი დეპუტატი იქნება. ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ნატო ჩხეიძე, მამუკა ჩიქოვანი, დავით ჭიჭინაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 21 დეპუტატია, რაც საპარლამენტო უმცირესობის დაშლის საფუძველია.