„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქართულ ბაზარზე რუსული მედიის შემოსვლასა და გავლენების მოპოვების მცდელობაზე ისაუბრეს.
„ევროპულმა საქართველომ“ არასამთავრობოებს თავიანთი ინიციატივა გააცნო, რომელიც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას გულისხმობს.
„იმისთვის, რომ სახელმწიფო აღუდგეს ეფექტურად წინ ასეთ გამოწვევას, საჭიროა, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები შემუშავდეს, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს და ამ ინსტრუმენტებს პარლამენტს ძალიან მალე შევთავაზებთ. ჩვენ გვექნება კონკრეტული იდეები, ეს იდეები იქნება კიდევ უფრო ჩამოყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად და რამდენიმე კვირაში ვაპირებთ, კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინოთ პარლამენტს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის თქმით, რუსული პროპაგანდის გავლენა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და ამერიკაშიც არის.
„ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. კონკრეტულად, ვატარებთ კვლევებს და ვცდილობთ, გავზომოთ რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდის გავლენა ხალხზე. ჩვენს კვლევებს ასევე ვიყენებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები პარლამენტის უმრავლესობასთან და უმცირესობასთან ერთად. დეზინფორმაციული პროპაგანდა გავლენას არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროპასა და ამერიკაზე ახდენს“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.