„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის შესამცირებლად პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის შესამცირებლად პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის შესამცირებლად პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს. ინიციატივა რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მისი მიზანი რუსული გავლენების კანონის გზით შემცირებაა.

სერგი კაპანაძის თქმით, პარლამენტმა პოლიტიკურ დონეზე უნდა აღიაროს საფრთხედ რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა, ხოლო მთავრობამ განსაზღვროს ისეთი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, რათა ებრძოლოს საქართველოში რუსულ პროპაგანდას და საფრთხეებს.

საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქციამ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა

„ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, რომ რუსეთმა თავისი სხვადასხვა ინსტრუმენტები, ბერკეტები, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებით თუ რბილი ძალის მეთოდების გამოყენების გზით, თავისი გავლენა საქართველოში გაზარდა​, რაც არის სერიოზული საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ჩვენ, დღეს ვახდენთ ინიცირებას საკანონმდებლო პაკეტის, რომელიც შედგება რამდენიმე კანონში ცვლილებებისგან და რომელიც მიზნად ისახავს შემდეგს: პირველ რიგში, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას, ან ისეთ ორგანიზაციებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელშიც რუსეთის მთავრობა არის მთავარი ბენეფიციარი, არ ჰქონდეთ საშუალება, რომ საქართველოში დახარჯონ თავიანთი ფული, თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის; მეორე, საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას, არ ჰქონდეს საშუალება იურიდიულად, რომ ფული მისცეს, შესყიდვა განახორციელოს თუ სხვა გზით ბიუჯეტის სახსრები მიმართოს ისეთი ორგანიზაციისკენ, რომლებიც არიან წინააღმდეგი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო ვექტორი, ისევე როგორც დააფინანსოს ისეთი მედია თუ სხვა ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ იქნება რუსეთის პროპაგანდისტული მესიჯ-ბოქსის გამომგზავნი და შეეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.