„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს
„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს

„ქართულმა ოცნებამ“ დიასპორის კომიტეტის ბაზაზე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭო შექმნა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტერმინი „დიასპორა“ ადგილობრივ კონტექსტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფის აღსაწერად გამოიყენება.

„საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე.

ხელისუფლების ამ არასწორი დამოკიდებულების ნაწილია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა ნოვრუზის დღესასწაული ღირსეულად აღნიშნონ. ამისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დროებით მოხსნა იყო საჭირო, რაც ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა თუმცა იმავეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება.

„ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს  და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის – ევროპული საქართველოს განცხადება“, – აღნიშნულია განცხადებაში.