„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ კონსულტაციების შემდეგ გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას.
„მძიმე წინასაარჩევნო პერიოდის, მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში, ვამბობდით, რომ დაველოდებოდით ხმების დათვლას. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაში ერთად ჩართული იყო პარტიული სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები, არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუსი და ადგილობრივი ხელისუფლება, პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად, ამიტომ ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად მკაფიო. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს აბობს, შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში. მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, იმედი აქვს, მათგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ შეფასებას და პოზიციას“, – განაცხადა ბაქრაძემ.