„ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე დადგენილების პროექტის მიღებას სთავაზობს.

დეპუტატების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი გმობს:

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა საშუალებების გამოყენებასა და გავრცელებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; ასევე რუსული სახელმწიფო ფონდებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საქართველოში ანტიდასავლური ჯგუფების მხარდაჭერასა და დაფინანსებას;

აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობას ქვეყნის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წინააღმდეგ;

ასევე რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის მიერ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურ, რელიგიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ და ა.შ. ნიადაგზე შუღლის გაღვივებისა და სიძულვილის ენის გავრცელების მცდელობას და დეზინფორმაციის საშუალებით საქართველოს რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროდ გამოცხადების მცდელობას;

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს:

განსაზღვროს სამთავრობო რგოლი, რომელიც მოახდენს რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და მათი დაფინანსების წყაროების მონიტორინგს და განსაზღვრავს შესაბამის სამოქმედო სტრატეგიას. ამასთან, აღნიშნული რგოლის კოორდინირება უნდა დაავალოს შესაბამის უწყებას, რომელიც მოამზადებს და პარლამენტს მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

„ასევე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც ასახული იქნება რუსული დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად შექმნილი საფრთხე; პარლამენტმა უნდა დაავალოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა; ასევე დაავალოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, სკოლებში საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლებისა და პრო-დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის ღონისძიებების ჩატარება; ასევე უნდა შექმნას, შესაბამისი პირობები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის;

ამასთან, უნდა უზრუნველყოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აქტიური ჩართულობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის გაშუქების გზით, ასევე რუსულენოვანი მაუწყებლობის გაზრდის კუთხით;

ასევე უნდა დაავალოს სახელმწიფო უწყებებს თავიანთი წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 0.01% მოახმარონ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება დასავლეთის მიერ გაწეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პოპულარიზაციას შესაბამისი სფეროების მიხედვით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.