„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე  შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე  შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს

„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქარძის განცხადებით, პროფესიონალიზმიდან, გამოცდილებიდან და აპოლიტიკურობიდან გამომდინარე, შავგულიძე საუკეთესო კანდიდატია, ვინც შეიძლება პროკურატურას მოცემულ რთულ ეტაპზე უხელმძღვანელოს.

ბაქრაძის თქმით, შალვა შავგულიძე ყოველთვის ღირსეული ოპონენტი იყო, ვერავინ შეიტანდა ეჭვს მის პატიონსებაში, კომპეტენტურობასა და ბრძოლისუნარიაობაში.

„შალვა შავგულიძე არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შავგულიძე იყო გირგვლიანის ადვოკატი და მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინააღმდეგ  ბრძოლა. როცა ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ის იყო არჩეული ვაკის მაჟორიტარად. ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის და ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, შალვა შავგულიძე იყო პატიოსანი, მცოდნე და პრინციპული ადამიანი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, შავგულიძესთან წინასწარი კონსულტაცია „ევროპულ საქართველოს“ უკვე  ჰქონდა და ის განცხადებას თავადაც გააკეთებს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი.  მინისტრი ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.