„ევროპული საქართველო“ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტის გამოსაძიებლად პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს
„ევროპული საქართველო“ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
„პროკურატურას ერთთვიან ვადას ვაძლევთ, რომ რეალური შედეგები დადოს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ამის გამოძიება რთული არ არის. ჩვენ, ჩემი კოლეგების წყარო და უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ კონკრეტული კორუფციული ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ. თუ გამოძიებას ნება აქვს, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი პირები დაიკითხებიან, კომუნიკაცია გადამოწმდება. ამის გაკეთებას მხოლოდ ნება სჭირდება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
დეპუტატის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დადგენილების პროექტს შეიტანს და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
„საქართველოს პარლამენტის წევრები გამოიძიებენ თუ პროკურატურას ნება არ ეყოფა, რომ ამ საქმეზე რეალურად შედეგები დადოს. ამიტომ, შემდგომი ნაბიჯი საგამოძიებო კომისია იქნება, თუ პროკურატურიდან რეალური ხელშესახები შედეგი არ გვექნება. პრეზიდენტის იმპიჩმენტს რაც შეეხება, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა პროკურატურიდან ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, დაიწყება პროცესი, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხის გამოძიება მოითხოვა.