„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო” ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ კომისიის შექმნის მოთხოვნით წერილი პარლამენტის კანცელარიაში დღეს ჩააბარა.

ხოშტარიას თქმით, როდესაც ასეთ საზარელ მკვლელობაზე გამოძიების მიმართ ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზია უჩნდებათ, სწორი გამოსავალია, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია აიღოს და კითხვებს პასუხი საპარლამენტო ფორმატში გასცეს.

„ვხედავთ, რომ სახელმწიფო დაზარალებულ ადამიანებს კი არ იცავს, პირიქით უპირისპირდება. კითხვები სერიოზულია, რადგან საუბარია, რომ გამოძიება არასათანადოდ მიდის, ვიღაცას ხელს აფარებს, საქმეში უფრო მეტი მონაწილეა და ა.შ. კითხვები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება, რადგან პასუხების გაცემა ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. თუ დაინტერესებული არიან, რომ ოჯახს კითხვები აღარ დარჩეს, ვითარების ადეკვატური აღქმა იქნება, რომ პარლამენტი პროცესში ჩაერთოს და გამოძიებას ვკითხოთ, რატომ არის კითხვები. ჩვენ უნდა დავადგინოთ, გამოძიებას რა ინტერესი აქვს, როცა დაზარალებული ოჯახი კითხვებს სხვამს და პასუხებს ვერ იღებს. ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზა არსებობს და პროკურატურა არის არა დაზარალებულის მხარეს, არამედ კითხვებს პასუხს არ სცემს. როცა გამოძიება კითხვებს ტოვებს, პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

რეგლამენტით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.