მამუკა ხაზარაძე - გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული
მამუკა ხაზარაძე - გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული

გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული, – ამის შესახებ „ლელოს „ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ იმ პირთა ვინაობას მალავს, ვის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა, შესაბამისად, ამნისტიის გამოცხადებამდე, მათი ვინაობის გასაჯაროებაა საჭირო.

„პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ეს პუნქტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, სხვანაირად იქნა გადათარგმნილი „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ დიდ ამნისტიას, რომელშიც მოექცევა ძალიან ფართო სპექტრი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, რადგან აქამდე არსებობდა სამი პოლიციელი და აქციის 16 მონაწილე, რომელზეც იყო საუბარი. შესაბამისად, ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვისზეც საქმეა აღძრული. ეს ინფორმაცია უცნობია, რამეთუ „ქართული ოცნება“ და პროკურატურა ამას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, შეიქმნას საპარლამენტო კომისია ამ პირთა დასადგენად, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეასრულა, ვინ გადაამეტა და ა.შ.

თქვენ იცით, რომ მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ იმიტომ, რომ არანაირად არ ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ ვიდრე შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭირდება დადგენა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.