„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მათ მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული ზომები გაითვალისწინოს
პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული ზომების პაკეტი გაითვალისწინოს.
საუბარია ერთი კვირის წინ მომზადებულ პაკეტზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების ხედვაა ასახული.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პირველ რიგში უნდა შემცირდეს გადასახადები, რაც დაეხმარება ბიზნესს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
ბაქრაძის შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ მხრივ ანტიკრიზისულ ზომებს არ გაატარებს, კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
„განვლილმა დღეებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეთავაზება და რამდენად სწორი იყო ჩვენი პროგნოზი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ეკონონიმიკური ზიანის, პრევენციისს და შემცირებისთვის. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში, როდესაც თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი, სასტუმროების აბსოლუტური უმეტესობის ჯავშნები პაქტიკულად 90 პროცენტით არის გაუქმებული, 20 პროცენტზე მეტით არის შემცირებული ავიაგადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოჩენილი კვების სექტორი, გადაზიდვების სამსახური“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის განმარტებით, კორონავირუსის შედეგების ეკონომიკაზე გავლენის მიმართულებით, პრევენციული ზომები სასწრაფოდ უნდა გატარდეს.
ბაქრაძის თქმით, საუბარია კონკრეტულად სამი გადასახდის შემცირებაზე.
„უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამიტომ პრევენციული ზომები გატარდეს ახლავე, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი. ჩვენი ხედვა გახლავთ ის, რომ საუბარია კონკრეტულად სამი გადასახადის შემცირებაზე. ეს არის საშემოსავლო გადასახადის შემცირება წელს სამი პროცენტით და გაისად კიდევ ორი პროცენტით, ანუ ჯამში წელს და გაისად ხუთი პროცენტით შემცირდეს საშემოსავლო. საუბარია ქონების გადასახადის განახევრებაზე და ქონების გადასახადი არ არის ცენტრალიზებული გადასახადი, მაგრამ თუ მთავრობა პარლამენტში შემოვა ამ ინიციატივით, პარლამენტს შეუძლია, მიიღოს შესაბამისი დადგენილება და მოუწოდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახევრდეს ქონების გადასახადი. ქონება რატომაა მნიშვნელოვანი? მაისში უწევთ გადახდა და იმ ფონზე, რომ ბიზნესს შემოსავალი მოაკლდა, ვერ იხდიან იმ ქონების გადასახადს, რაც არის. მესამე არის ნავთობ პროდუქტებზე აქციზის შემცირება, წელს მეოთხედით და გაისად მეოთხედით და ეს ნიშნავს იმას, რომ ბენზინის ფასი წამოვა ქვემოთ და ბენზინის გაიაფება ნიშნავს, რომ ძირითადი პროდუქტები გაიაფდება და გაიაფების გარდა, ლუფტი რჩება, რომ არ გაძვირდება. ამას პლუს რეგულაციების გაუქმება და კონკრეტულად ვამბობ ეროვნული ბანკის შარშანდელ რეგულაციაზე, რომლითაც დაკრედიტება შეზღუდეს. პლუს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ლარის კურსის სტაბილურობა მოვახდინოთ“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ორი დღის წინ, აშშ-ში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს საგადასახადო შეღავათების პაკეტს და სწორედ კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, გადასახადების შემცირებას აპირებს.