„ევროპული საქართველო“ ითხოვს, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე განიხილოს
ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ ჩვენი დადგენილება უახლოეს სხდომაზე იყოს განხილული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს სხდომაზე, რომელიც პარლამენტში ჩატარდება, განხილული იყოს დადგენილების ის პროექტი, რომელიც ჩვენ 10 დღის წინ დავარეგისტრირეთ, რაც გულისხმობს გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენ მაშინ სრულიად აბსურდული პასუხი მივიღეთ, რომ თურმე 19-ში უნდა დაგვერეგისტრირებინა, რომ განხილვა დროულად ყოფილიყო. ეს მოვლენები მაშინ, 20 ივნისს მოხდა, მაგრამ ახლა 10 დღე გავიდა და არანაირი ახსნა, არანაირი გამართლება არ ექნება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან პოზიციას, რომ შემდეგ სხდომაზე ეს დადგენილების პროექტი არ განიხილონ. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ჩვენი დადგენილება უახლოეს სხდომაზე იყოს განხილული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.