„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს მიმართავს. პარტიის წევრის, სერგო რატიანის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადალახა ჩასაბარებელი ბარიერი, თუმცა იმის გამო, რომ მათ უნივერსიტეტების არჩევის დროს მითითებული ჰქონდათ ერთი ან ორი უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.
რატიანის განცხადებით, ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული საგანმანათლებლო რესურსცენტრები უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან დაკისრებულ ვალდებულებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ დებულებით აქვთ უფლება ხელი შეუწყონ ეროვნული გამოცდების ჩატარებას, თვალყური ადევნონ სამოქმედო ტერიტორიაზე მინისტრის მიერ გამოცემული აქტების შესრულებას, უცხოენოვანი აბიტურიენტებისთვის უცნობი იყო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითების ინსტრუქცია და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო“,- განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, რადგან სახელმწიფომ აზერბაიჯანელ და სომეხ აბიტურიენტებს საჭირო რეკომენდაციები არ მიაწოდა და ვერ უზრუნველყო მათი ინფორმირება, სამინისტრომ უნდა დაუშვას გამონაკლისი და უნდა მოხდეს 800-მდე აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვებით უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილება.