„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს
„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, 20 მაისს მეთორმეტეკლასელები ამთავრებენ სასწავლო პროცესს, თუმცა კვლავ გაურკვეველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს გაურკვევლობა ხელოვნურად ძაბავს და ართულებს აბიტურიენტების მდგომარეობას.
გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავრობას და მოვითხოვთ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ. აქვე, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 10 აპრილს წერილით მიმართეს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესთავაზეს.
„ასევე, წერილით მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დრო ამოიწურა, ამ მომენტამდე სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის და სრულიად საქართველოს აბიტურიენტებისთვის კვლავ უცნობია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, ოთხი საგნის გამოცდაზე აბიტურიენტების მისვლა საფრთხის შემცველია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ჩასაბარებელი საგნების შემცირების ინიციატივით გამოდის.
„მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ივლისში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები შემცირებული იყოს, მაღალი ალბათობით, ის გამქრალი არ იქნება. ერთიან ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ – ოთხ გამოცდაზე მისვლამ (ფაქტობრივად მთელი ივლისის განმავლობაში გრძელდება საგამოცდო პროცესი) და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
ვფიქრობთ, აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების შემცირება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი – ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ სამი საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. რაც შეეხება მეოთხე გამოცდას – მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება უსაფრთხოების კუთხით მარტივად გადაწყდება“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, ასევე უნდა მოხდეს საგამოცდო ცენტრების სკოლებში ჩამოყალიბება.
„უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით.
ვფიქრობთ, მთავრობის მხრიდან ასეთი ინერტულობა და ამ მომენტისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დეტალების ბუნდოვანება, ერთი მხრივ, დამატებით სტრესს უჩენს აბიტურიენტებს, მეორე მხრივ კი – ზრდის საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს“, – დასძინა სერგო რატიანმა.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე პირველ მაისს უკვე გააკეთეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად და საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.