„ევროპული საქართველო“ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს
„ევროპული საქართველო“ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ეხება, მხარს დაუჭერს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, რეზოლუციის პროექტი სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასებას ეხება, რაც სერიოზული პრობლემაა.
„სასამართლო სისტემაში კლანს ვაწყდებით, რომელიც მეტასტაზებივით არის. რეზოლუციის პროექტს მხარს ვუჭერთ. ის, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება, ეს საიდუმლო არავისთვის აღარ არის. ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ცდილობდნენ, კლანის წევრები უზენაეს სასამართლოში გაეპარებინათ და ახლა, ვინ ჰყავთ ნომინირებული, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები გახდნენ”, – განაცხადა კაპანაძემ.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა. მათი განცხადებით, რეზოლუცია სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებასა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.