„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატად შალვა შავგულიძე იქნება.
როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა, პარტიების თანამშრომლობა არის გრძელვადიანი და სტრატეგიული.
„ჩვენი საზოგადოება შალვა შავგულიძეს კარგად იცნობს. ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი და სტრატეგიული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ვროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზისა და მომავლის ხედვა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.