„ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ
„ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ

პარტია „ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ დევნილებს, რომელთა კუთვნილი სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში booking.com-ისა და airbnb.com-ის საშუალებით უკანონოდ ქირავდება, ახალ ინსტრუმენტს სთავაზობენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, დევნილები, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას booking.com-სა და airbnb.com-ზე აღმოაჩენენ, უნდა დაუკავშირდნენ „აფხაზთა კრებას“, რომელიც ამ პლატფორმების წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„უკვე წლებია, ჩვენს საზოგადოებას აწუხებს ოკუპირებული ტერიორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის წართმეული უძრავი ქონების საკითხი. კანონიერ მფლობელთათვის წართმეული ქონება აქტიურად ქირავდება ისეთ პოპულარულ ევროპულ და ამერიკულ უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებზე, როგორებიცაა booking.com და airbnb.com. დასავლური კორპორაციების მიერ წართმეული ქონების გაქირავება და შემოსავლის მიღება ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და დაკანონებაა, რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ ებრძვის.

დღეს გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინტეგრირებული ონლაინინსტრუმენტი, რომელზეც დევნილებს შეეძლებათ საკუთარი სახლებისა და ბინების პოვნა, თუკი ისინი ქირავდება ამ ორ პლაფორმაზე. ბინის ან სახლის აღმოჩენის შემთხვევაში, დევნილი უნდა დაუკავშირდეს „აფხაზთა კრებას“ ფეისბუქის დახურული ჯგუფის საშუალებით. შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვებისა და საღი აზრის ფარგლებში ვერიფიკაციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ დახმარებით, „აფხაზთა კრება“ შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოში.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ რამდენიმე საერთაშორისო პრეცედენტით და იმ პირობებში, როცა სახელმწიფო დევნილთათვის წართმეული ქონების ევრპოპულ და ამერიკულ პლატფორმებზე უკანონო გაქირავების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, დევნილები შეძლებენ როგორც კომპენსაციის მიღებას, ასევე მოხდება ამ ბინებისა და სახლების შესაბამისი პლატფორმებიდან წაშლა. ამავე დროს, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაცია, რასაც დეოკუპაციის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, გასულ წელს „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთავრობის მიერ დევნილთა ქონების უკანონო გაქირავების აღკვეთა იყო, თუმცა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.

„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ პროგრამა „ჩვენი სახლის“ უძრავი ქონების მონაცემთა ბაზას, რომლის შედგენაც 2006 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დასრულდა 78 000 უძრავი ქონების დეკლარირება, იუსტიციის სამინისტროს, რომლის ხელშიცაა აღნიშნული ბაზა, იგი საჯარო რეესტრში ჯერაც არ აუსახავს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.