„ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ ინიციატივით გამოდიან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართოს
პარტია „ევროპული საქართველო“ და „აფხაზთა კრება“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
„ევროპული საქართველო” კანონპროექტს დღეს დაარეგისტრირებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება და პროპორციული საარჩევნო სისტემით უმაღლესი საბჭოს 30 წევრს აირჩევენ.
რაც შეეხება პირებს, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ცვლილებებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს.
„დღეისთვის, აფხაზეთის მოქმედი უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად ლეგიტიმურია, შემადგენლობით კი – არა. საბჭო არჩეულია 1991 წელს, 28 წლის წინ. მისი ამ შემადგენლობით არსებობა ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირების კონსტიტუციურ, საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არის არჩევნების ჩატარება სხვადასხვა პერიოდულობით. კანონპროექტი მიზნად ისახავს, უმაღლესი საბჭოს არჩევის პროცედურების განსაზღვრას“, – ნათქვამია პროექტში.