„ევროპული საქართველო“ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველო“ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის „თიბისი ბანკის“ საქმეს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს დასკვნას.
კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას.
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში უკვე 25 ხელმოწერა შეაგროვა.
„გამოსაძიებელია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ ორკესტრირებული შეტევის უკან ვინ იდგა. ვინ დაუკვეთა და ვინ შეასრულა ჰაკერული შეტევა „თიბისი ბანკის“ კონტროლ-სისტემაზე, ვინ გაგზავნა მუქარის წერილი, ვინ დგას ამ ყოველივეს უკან. ეს არის კითხვები, რომლებიც ღიაა და საზოგადოებას სჭირდება ამაზე პასუხი. რა თქმა უნდა, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად არიან ეჭვმიტანილნი ამ ორკესტრირებულ შეტევაში. ბუნებრივია, მათ მიმართ ნდობა ვერ გვექნება, ამიტომ აუცილებლობა მოითხოვს, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“.
განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ იმ მოცემულობას, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება საგამოძიებო ორგანოებს, შესაბამისი პროცესის წარმართონ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა.