ევროპული საბჭოსადმი მიმართვის ტექსტი, რომელზეც ხელმოწერები უნდა გაკეთდეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა
ევროპული საბჭოსადმი მიმართვის ტექსტი, რომელზეც ხელმოწერები უნდა გაკეთდეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.
ხელმოწერების კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.
პრეზიდენტმა პირველმა დააფიქსირა ხელმოწერა აღნიშნულ ტექსტზე და მოუწოდა მოქალაქეებს, მიმართვას მათაც მოაწერონ ხელი.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ – ევროპის ლიდერებს – დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს, მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ – ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით, დიდი ხანია, ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.