ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ბელარუსში უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი არ იყო და საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ამის შესახებ შარლ მიშელმა საგანგებო ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბელარუსში არის უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარება. ჩვენ გვაქვს ცხადი გზავნილი, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუსის მოსახლეობას. 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ის არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.
ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ბელარუსის მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ მომავალი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან, როგორც მიშელი აღნიშნავს, ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა იყო შოკისმომგვრელი და მიუღებელი.
მისივე თქმით, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებლები.
„მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა იყო შოკისმომგვრელი და მიუღებელი. ვგმობთ ამ სისასტიკეს და ველოდებით გამჭვირვალე გამოძიებას. ძალადობა უნდა იყოს თავიდან აცილებული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არის მთავარი ელემენტები. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დაცული უნდა იყოს ძალადობისგან. ბელარუსის პროტესტი არ ეხება გეოპოლიტიკას, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეროვნული კრიზისი. ვდგავართ ბელარუსელი ხალხის გვერდით, რომ აირჩიონ საკუთარი მომავალი. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც პასუხიმგებლები არიან ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე“, – აღნიშნა მიშელმა.