ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის წვლილი ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში, განსაკუთრებით, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას
ევროპული საბჭო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები.
„2023 წლის პირველ სექტემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.
მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობასაც, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული, მედიის პლურალიზმის სფეროებში. პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.
შარლ მიშელმა ასევე შეაქო საქართველოს პრეზიდენტის წვლილი საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში. განსაკუთრებით კი, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და პრეზიდენტის ძლიერ პოლიტიკურ ფოკუსირებას ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე. მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.