ევროპული საბჭო - შარლ მიშელი კვლავ აქტიურად მონაწილეობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში
ევროპული საბჭო - შარლ მიშელი კვლავ აქტიურად მონაწილეობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კვლავ აქტიურად მონაწილეობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შარლ მიშელის გუნდი აქტიურ კომუნიკაციაშია ბაქოსთან, ერევანთან და ყარაბაღში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებთან, რათა შეიმუშაონ გამოსავალი ჰუმანიტარული წვდომის განბლოკვისთვის.

„ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა სწრაფად უარესდება. აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – წერია განცხადებაში.

პარალელურად, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებთან საუბარი ასევე ფოკუსირებულია ყარაბაღელი სომხებისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაზე.

ევროკავშირის მხარე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაქოს მიერ ცხადად უნდა იქნას აღნიშნული, როგორ უნდა შეძლონ ყარაბაღელმა სომხებმა გადაადგილება ლაჩინის კორიდორიდან სომხეთის მიმართულებით და პირიქით.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება დიალოგი ბაქოსა და ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის. ყარაბაღელი სომხების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს განცხადების თანახმად, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად არამდგრადი სიტუაციის მოგვარებაში.