ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო აგრესია, უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო აღჭურვილობა და დანაყოფი უკრაინის ტერიტორიიდან
ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო აგრესია, უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო აღჭურვილობა და დანაყოფი უკრაინის ტერიტორიიდან

ევროპული საბჭო რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო დანაყოფი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში.

როგორც 10-გვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს მასობრივ მსხვერპლსა და სამოქალაქო მოსახლეობას ზიანს აყენებს.

„რუსეთი პირდაპირ ესხმის თავს სამოქალაქო მოსახლეობას და დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დამნაშავეები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლისა და სხვა უკრაინული ქალაქების ალყა და ჰუმანიტარული წვდომის დაბლოკვა მიუღებელია. რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო გზები უკრაინის სხვა რაიონებში, ასევე დაუშვა ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა მარიუპოლსა და სხვა ალყაში მყოფ ქალაქებში“, – ნათქვამია საბჭოს დასკვნით დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ასევე მოუწოდებს რუსეთს, სხვა საომარ ზონებში ჩარჩენილი მოქალაქეები სასწრაფოდ უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელით მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე, ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი, უზრუნველყონ შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და შექმნან ჰუმანიტარული დერეფნები. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, მათ შორის, შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბოლო დადგენილება.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები.

„ევროკავშირი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას და ევროპული საბჭო ადასტურებს ვერსალის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაცხადებულია ასოცირების შეთანხმებაში. ევროპული საბჭო კვლავ სთავაზობს ევროკომისიას, წარმოადგინოს თავისი შეფასება ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების მიხედვით. ევროკავშირი გააგრძელებს კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ევროკავშირმა ამ დროისთვის მიიღო მნიშვნელოვანი სანქციები, რომლებსაც აქვთ მასშტაბური გავლენა რუსეთსა და ბელარუსზე და მზად არის, დახუროს და სამიზნეში ამოიღოს სანქციების გვერდის ავლის არსებული და შესაძლო შესაძლებლობები, ასევე იმოქმედოს სწრაფად რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი კოორდინირებული ძლიერი სანქციების დაწესებით, რათა ეფექტიანად შეუშალოს ხელი რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ამ სანქციებს. სანქციების გვერდის ავლისა ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეჩერებული“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ევროკავშირი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოფს უკრაინაში ელექტროენერგიისა და გაზის უწყვეტი მიწოდება. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ დაცული უნდა იყოს უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება.

რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული მასშტაბური ნგრევისა და დანაკარგის გათვალისწინებით, ევროკავშირი უკრაინის მთავრობას დაუყოვნებლივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დახმარებას ჰპირდება და აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმის შეწყვეტის შემდეგ, დაეხმარება დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ევროპული საბჭო ასევე შეთანხმდა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნაზე და მასში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო პარტნიორები მიიწვია. ევროპული საბჭო ასევე გამოდის ინიციატივით, უკრაინის დასახმარებლად ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია.

ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს თავის მზადყოფნას, იდგეს მოლდოვისა და მისი ხალხის გვერდით.