ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო სამიტებს დიდი ბრიტანეთი და უნგრეთი უმასპინძლებენ
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო სამიტებს დიდი ბრიტანეთი და უნგრეთი უმასპინძლებენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
მიშელის ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრები 18 ივლისს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 7-8 ნოემბერს უნგრეთში გაიმართება.
„ორი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გავმართოთ ყოვლისმომცველი დისკუსიები, ვინაიდან ჩვენ ვდგავართ ერთნაირი გამოწვევების წინაშე, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკას და მიგრაციას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ცნობით, სამიტი ინგლისის ქალაქ ვუდსტოკში მდებარე ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.
„დიდი ბრიტანეთი 18 ივლისს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე შეკრებს 50-მდე ლიდერს მთელი ევროპიდან, საერთო გამოწვევების განსახილველად, როგორიცაა უკრაინა და არალეგალური მიგრაცია“, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ბოლოს ოქტომბერში გრანადაში ჩატარდა. შეხვედრაში საქართველოც მონაწილეობდა.