ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტი - მოხარული ვარ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით პროგრესია
მოხარული ვარ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით პროგრესია. ცხადია, ეს თავისთავად არ მომხდარა. საინტერესოა იმის ეფექტის ნახვა, რაც წინა არჩევნების დროს არასწორად მოხდა და ახლა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ფრანგმა მკვლევარმა, ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ემანუელ დუპუიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა.
„ეს არ არის ჩვენი პირველი ვიზიტი. მოხარული ვარ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, პროგრესი არის. ცხადია, ეს თავისთავად არ მომხდარა. საინტერესოა იმის ეფექტის ნახვა, რაც წინა არჩევნების დროს არასწორად მოხდა და რაც ახლა გაუმჯობესდა.
ჩვენ მთელ ქვეყანაში ვაკვირდებოდით არჩევნებს. ვიყავით მათ შორის გორშიც, ზოგი დამკვირვებელი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. ასე რომ, ჩვენ დავაკვირდით არჩევნებს როგორც სოფლად, ისე ქალაქებში. აღვნიშნეთ ფაქტი, რომ ამომრჩეველი უფრო აქტიური იყო, ეს მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გააქტიურება – დემოკრატიას ეს თაობა აშენებს.
ეს არჩევნები ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება. სისტემა უფრო ინკლუზიური გახდა. ჩვენი შეხედულებით, მოდიან ახალი პარტიები, რომელთაც 15 ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. ეს ნიშნავს პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებას. ამ ფაქტით მოხარულები ვართ, რადგან ევროპაშიც გვსურს სისტემის გაუმჯობესება. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს კარგი იდეები, ჩვენ ასევე ვსწავლობთ სხვა ტიპის დემოკრატიებისგან, სხვა ქვეყნებისგან“, – განაცხადა ემანუელ დუპუიმ.
საქართველოში 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა.