ევროპულ საქმეთა საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოში, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა შეშვების აუცილებლობაზე ისაუბრა
ევროპულ საქმეთა საკითხებში საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა, ამელი დე მონშალენმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა.
როგორც ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, ჰელსინკიში მაისში გამართული ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მან ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს წარმომადგენელთა შეშვების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მინისტრთა კომიტეტი ყურადღებით განაგრძობს საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დაკვირვებას. ჰელსინკიში გამართული მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში სხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს წვდომა ე.წ „ნაცრისფერ ზონებზე“ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ამელი დე მონშალენმა, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთს წარმოადგენს.
საფრანგეთის წარმომადგენლის გამოსვლა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70-ე წლისთავს ეძღვნებოდა.