„ევროპულ საქართველოში“ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებენ
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას, შევა თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 15:00 საათზე გამოაცხადებენ.
„ევროპულ საქართველოს არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება, ამიტომ ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, შევიდეთ თუ არა პარლამენტში. ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არასოდეს წყვეტს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 15:00 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ივანიშვილის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება. მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით. მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურებზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ოღონდ ჩემი პირადი აზრია ეს და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.