„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ბაჩანა შენგელიას მიმართ ღია პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაც რეაგირებას საჭიროებს.
მისივე თქმით, პოლიტიკურ დევნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახორციელებს.
„ჩვენ გუშინ შევიტყვეთ სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, როგორ ახორციელებს ქალბატონი წულუკიანი გამორჩეული ნოტარიუსის, ბაჩანა შენგელიას პოლიტიკურ დევნას. შენგელია ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ იბრძოდა სამართლიანობისთვის, რათა დაედგინა ყველა დეტალი, თუ როგორ დევნიდნენ პოლიტიკურად დედამისს, ია კერზაიას, რომელიც შემდგომ ამ პოლიტიკურ დევნას შეეწირა.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში გასაჯაროებული ფაქტების შედეგად, ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინარული დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ამის შემდეგ შეუგზავნა ინსპექცია ბაჩანა შენგელიას და ის დააჯარიმა, ფაქტობრივად მას ფუნქციონირება შეუწყვიტა, გამოურთო რა პროგრამა და შემდეგ დაიწყო დისციპლინარული წარმოება. თურმე, არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტი.
პრაქტიკულად, იგივე გზა გაიმეორა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიათი დაწყებული, განათლების მინისტრით დამთავრებული, 2018 წელს ახორციელებდა შენგელიას დედის წინააღმდეგ.ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭირო არის რეაგირება.
როცა ჩვენ წულუკიანს კითხვა დავუსვით პარლამენტში, მან მოიტყუა, რომ ბაჩანა შენგელიას დევნა განპირობებული იყო იმით, რომ მას საგანგებო პირობების წესები ჰქონდა დარღვეული. შემდეგ აღმოჩნდა, მის მიერვე გაგზავნილი ინსპექციის დასკვნაში წერია, რომ საგანგებო პირობები ბოლომდე არის დაკმაყოფილებული. ანუ, სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ევროპული საქართველო“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მინისტრის მისვლას ითხოვს.
„ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა და ჩვენ დღეს გავაგზავნეთ წერილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი, რათა მან ამ კითხვებს პასუხი გასცეს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.