„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება
პარტია „ევროპულ საქართველოში“ იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც ცენტრალურ მართვის რგოლში, ისე რეგიონებში, რათა ჩვენ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.
როგორც კალოიანმა აღნიშნა, იმ კრიზისული არჩევნების შემდეგ, პარტიის შიგნით გარკვეულ გაუმჯობესებაზე მსჯელობა მიდის, რაშიც გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე აქტიურად არიან ჩართული.
„პარტიიდან არანაირ წასვლაზე საუბარი არ არის. ეს იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც ცენტრალურ მართვის რგოლში, ისე რეგიონებში, რათა ჩვენ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს. პარტიამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ამ უსამართლო არჩევნების პერიოდში და ჩვენ ვეცდებით სტრუქტურულადაც და პრაქტიკულადაც მოვერგოთ ახალ ვითარებას, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა კალოიანმა.
კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარის შეცვლა ხომ არ იგეგმება, კალოიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არანაირი მსგავსი, პერსონალური საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი.
„ეს არის სტრატეგიული ცვლილებები თვითონ პარტიის სტრუქტურის შიგნით. კონკრეტულ გადაადგილებებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა კალოიანმა.