„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.
კერძოდ, გეგმა გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ესენია: საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება; ქონების გადასახადის განახევრება; ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, აღნიშნული შეღავათები ძალაში აპრილიდან უნდა შევიდეს.
„უმუშევრობა და ფასების ზრდა არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გააღრმავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებით და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აირიდოს სამუშაო ადგილების შემცირება და ადამიანების სახლში გაშვება. ამით შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს. ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით კი, 8-10 თეთრით შემცირდება ბენზინის ფასი, რაც ასევე გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის კლებას და საშუალებას მოგვცემს, რაღაც პერიოდი მაინც თავიდან ავირიდოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.