„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ
„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციების გამართვას აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სერიოზული განსხვავებები აქვს და ეს განსხვავებები არსად გამქრალა, თუმცა მთავარი ამოცანა სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა.
„ყველა უნდა შევეჩვიოთ, რომ ხალხი რასაც გადაწყვეტს, ზუსტად ისე ვიმოქმედოთ. მხარდაჭერა როგორი იქნება, ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები გაიმართება. მთავარი ამოცანა სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს გრიგოლ ვაშაძეს შეუძლია. როგორ დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი, ამ საერთო ამოცანაზე კონსულტაციებს დავიწყებთ.
ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მეორე ტურში მხარს პროდასავლურ კანდიდატს დავუჭერდით. ამ პირობას ვასრულებთ. ზურგს უკან გარიგება არ ყოფილა, პრინციპული პოზიცია იყო და ამას ვასრულებთ. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პრინციპულ ბრძოლას ვაპირებთ. ეს მოხდება სარალიძის დასაცავად, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანას ზურაბიშვილის მსგავსი მავნებელი პრეზიდენტი არ ჰყავდეს და ფარცხალაძისგან გათავისუფლება მოხდეს. ხელისუფლებაზე ეს დარტყმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”, – აცხადებს ხოშტარია.
ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიუხედავად, არავინ ერთიანდება და ყველა რჩება იქ, სადაც არის.
„პარტიებს შორის სერიოზული განსხვავება გვაქვს, მაგრამ რეალური ოპოზიციის ამოცანა ხელისუფლებასთან ბრძოლა და მისი დამარცხებაა. ეს ხელისუფლება თავგასულია ფარცხალაძით, მირზა სუბელიანით, სარალიძის დაჭერით. „ქართული ოცნება“ მწვავე კრიზისში მყოფი ხელისუფლებაა. თუ ვინმე ამ ქვეყანაზე ფიქრობს, მთავარი ამოცანა, ხელისუფლების დამარცხებაა და ამ მომენტში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. პარტიული ეგოისტობის უფლება არ გვაქვს, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის შესარყევად უნდა გაერთიანდეს.
ფორმაზე კონსულტაციების პერიოდში უნდა ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყველა ხელისუფლებას უთხრა, რომ თავგასულობას, ადამიანის უფლებებისა და ღირსების გათელვა არავის გაუვა. ვერავის ვერ დააშინებ ვერც წარსულით და ვერაფრით. ხალხმა ბიძინა ივანიშვილს თავგასულობაზე უარი უთხრა”, – დასძინა ხოშტარიამ.