„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი
„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი.
ამის შესახებ განცხადება ვებერმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ გვინდა ნატო, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერები, რომ თავი დავიცვათ მის გარეშეც ან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში“, – ამბობს ვებერი.
ევროპარლამენტში ყველზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ში პრეზიდენტად, ევროპამ უნდა შეძლოს საგარეო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის დაცვა და სამხედრო კუთხით თავდაცვაც.
„ყველამ ვიცით, როდესაც საქმე კრიტიკულ სიტუაციამდე მიდის, ბირთვული შესაძლებლობები გადამწყვეტი ხდება. ვისურვებდი ბირთვული თავდაცვის ევროპული განზომილება გრძელვადიან ამოცანად ვიხილო“, – ამბობს „პოლიტიკოსთან“ საუბარში „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერი.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთთან კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას.
„მათაც აქვთ სირთულეები უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მათაც უთავდებათ ფული ორი ავიამზიდისთვის, რომელიც მათ აქვთ. მათთვისაც რთულია შესაძლებლობების შენარჩუნება. ამ კონტექსტში, შესაძლოა, ახლა მოვიდა დრო დიდ ბრიტანეთთან ორგანიზებული სტრუქტურული დიალოგისთვის“, – აცხადებს ვებერი.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ევროპის მოქალაქეებს არსებული საფრთხეები არ უნდა დაუმალონ.
„ჩვენ გულწრფელი უნდა ვიყოთ ხალხთან. არ უნდა დავმალოთ საფრთხე, რომელიც პუტინისგან მოდის და არ უნდა შევქმნათ შეგრძნება, თითქოსდა ყველაფერი ძალიან ცუდად არ იქნება“, – განაცხადა ვებერმა.