ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს მეღვინეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჯიღაურაში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი მოინახულა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატოთან ერთად ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრში ევროკავშირი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ჰოიერმა მოინახულა ვაზის ჯიშების კოლექცია, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და იმ ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ. ის ასევე ეწვია, პროექტის ფარგლებში მოწყობილ ახალ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას.
„პროექტი წარმოადგენს საქართველოში ვაზის ნერგების სერტიფიცირების საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია მოსავლიანობის ზრდის, ნერგების წარმოების დარგის განვითარებისა და ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ 200-ზე მეტი პროექტიდან, რომლებიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ვერნერ ჰოიერმა განაცხადა, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელთაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს
„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც“, – აღნიშნა ვერნერ ჰოიერმა.
მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი და წინსვლა გვაქვს როგორ აგრარული, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით, ეს მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივის გაგრძელებას, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას სერტიფიცირების დანერგვის გზით. 2013 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 234.5 მილიონ ევროზე მეტი ქვეყნის მასშტაბით ისეთი ღონისძიებების განსახორციელებლად, როგორიცაა ფერმერების სწავლება, საკანონმდებლო რეფორმები, სოფლის განვითარება და სურსათის უსაფრთხოება. საქართველოს 250,000-ზე მეტმა ფერმერმა უკვე ისარგებლა ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.