ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს თამარ ტალიაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილეს და ერთხმად მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უკვე მოამზადა. დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციაა.

„ამავდროულად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები და ვუსურვებთ წარმატებას ჩვენი მხრიდან. ამასთან დაკავშირებით დგება საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც შეუთავსებლობის საკითხი არის და კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მოამზადა შესაბამისი დასკვნა და ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტისთვის შესაბამისი დადგენილების პროექტი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ქალბატონი თუ გადის, ქალის კვოტას ისევ ქალის კვოტა ავსებს“.