ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ არჩევნებში მოპოვებული მანდატები და შევიდნენ პარლამენტში
საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლაუდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, არჩვენებში მოპოვებული მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არჩევნები მრავალფეროვანი პარლამენტით დასრულდა, სადაც მმართველი პარტია ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამის საპარლამენტო მეთვალყურეობას. ერთადერთი შესაბამისი ფორუმი ამისთვის, ისევე, როგორც დებატებისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების განხილვისთვის არის პარლამენტი.
საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ არჩევნებში მოპოვებული მანდატები და შევიდნენ პარლამენტში. სრულად ვუჭერთ მხარს ამ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნებსა და ზოგად შეფასებას, რომლის ნაწილიც იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ასევე, აღვნიშნავთ დარეგისტრირებული დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის, საარჩევნო გადაცდომის შესახებ მუდმივ ბრალდებები, როგორებიცაა, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად სარგებლობა, ამომრჩევლებზე და პარტიულ აქტივისტებზე ზეწოლა. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ისინი პასუხისმგებელი ორგანოების მიერ გამჭვირვალედ და დამაკმაყოფილებად უნდა იქნას გამოძიებული. საარჩევნო გადაცდომებზე დაუსჯელობის აღქმა არ უნდა არსებობდეს. ამავდროულად, დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა. ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამაში“, – ნათქვამია განცხადებაში.