ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრა გამართეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრა გამართეს. პირველი არხის მენეჯმენტთან მათი კითხვები ძირითადად, საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.
„მათ აინტერესებდათ მედიის მდგომარეობა. როგორ ოპერირებს მედია იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ქვეყანაშია. რა პრობლემებია და ა.შ. იყო ძალიან გულახდილი საუბარი. ასეთი შეხვედრები არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ ყველა შეკითხვას“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა არხის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ევროპელი სტუმრები მაუწყებლის შესახებ კანონითაც დაინტერესდნენ, ჰქონდათ კითხვები იმ აზრთა სხვადასხვაობაზეც, რაც პარლამენტში კანონის ირგვლივ არსებობს.
ცნობილია, რომ საბჭოს წევრებს კონკრეტული რეკომენდაციები არ ჰქონიათ, შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სტუმრები დღეს სახალხო დამცველსაც შეხვდნენ. დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დელეგაცია შემაჯამებელ განცხადებას სავარაუდოდ, სწორედ იქ გააკეთებს.